მაია სანდუ აცხადებს, რომ ამომრჩევლების მასობრივმა მოსყიდვამ გავლენა მოახდინა საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე, თუმცა პირობას დებს, რომ მეორე ტურს გამართავს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ამომრჩევლების მასობრივმა მოსყიდვამ გავლენა მოახდინა საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე, თუმცა სანდუ პირობას დებს, რომ 3 ნოემბერს გამართავს მეორე ტურს და არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება სანდუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვაში რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსასყიდად მხოლოდ ოქტომბერში რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს.
„ამომრჩევლების მოსყიდვის გარეშე შედეგი განსხვავებული იქნებოდა. ჩვენ გვექნებოდა დამაჯერებელი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში“, – განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, უარი თქვა არჩევნების ხელახლა ჩატარების შეთავაზებაზე, რადგან „არავის აქვს უფლება, უარი უთხრას მოქალაქეებს, მათი ნების მასობრივ, გულწრფელ და თავისუფალ გამოხატვაზე“.
„წავიდეთ წინ მეორე ტურისკენ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ხალხზე ვართ დამოკიდებული, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, როცა ქვეყნის ბედი სასწორზე იყო“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, სასამართლო სისტემამ უნდა „გაიღვიძოს“ და მოსყიდვის საკითხი გადაჭრას.