მაია ომიაძე - 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, ზრდა გვაქვს თითქმის ყველა სტრატეგიული ქვეყნიდან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის პროგნოზები გამართლდა და საქართველომ 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რაც 5,521,866 ვიზიტს შეადგენს და ისტორიული მაჩვენებელია.
„2025 წელია შეჯამებულია და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ჩვენ წლის დასაწყისშივე ვვარაუდობდით, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან უპრეცედენტოდ გაზრდილი მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში“, – განაცხადა მაია ომიაძე.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვიზიტების ზრდას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოდან მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ და ფრენების სიხშირეების გაზრდამ.
„ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში პირდაპირ ფრენებს. წლევანდელი წლიდან, 2026 წლიდან, აქტიურად იგეგმება ახალი ფრენების, ახალი მიმართულებების და სიხშირეების დამატება, ასევე ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული, ჩვენ გვქონდა ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც 32 ქვეყანაში ჩატარდა და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ 2026 წელიც წარმატებული იქნება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 5,521,866 ვიზიტს მიაღწია. ზრდა 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით მეტია.
„გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 7.6%-ია“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.