მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის ახორციელებს
მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის ახორციელებს

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ სთავაზობთ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ოთხი თვის განმავლობაში.

„ეს პროგრამა დაწყებულია ნოემბრიდან და გულისხმობს იმას, რომ ყველა ოჯახისთვის, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვის განმავლობაში, ასევე ბუნებრივი გაზის 200 კუბურ მეტრამდე მოხმარების შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების თანხა სრულად იქნება ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, უშუალოდ დეკემბრისა და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც დაწესებულია სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესისთვის, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი პაკეტი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, ველოდებით დასაქმებული პირების და თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან, იმისთვის, რომ აღნიშნული კომპენსაციების გაცემა დაიწყოს სწრაფად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ისევე, როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც 1 200 ლარიან კომპენსაციას სთავაზობს მოქალაქეებს, რომელთაც შესაძლოა, ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგონ სამსახური. აღნიშნული კომპენსაცია იქნება გაცემული ექვსი თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით.