მაია ცქიტიშვილმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება
მაია ცქიტიშვილმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

„ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძალაში შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილით და ტრანსპორტით, ასევე ქვეითად.

გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ეს შეზღუდვაც ვრცელდება საქართველოს მასშტაბით. ასევე, მომსახურების რეჟიმში ფუნქციონირებას შეწყვეტენ რესტორნები და კვების ობიექტები. თუმცა, ყველა ეს დაწესებულება, ვისაც ექნება სურვილი, გააგრძელებს მუშაობას მიტანისა და გატანის რეჟიმში.

მოგეხსენებთ, ქვეყნის მასშტაბით შეჩერდება ფიტნეს კლუბების და საცურაო აუზების საქმიანობა. ასევე, ყველა კონფერენცია, ტრენინგი ან მსგავსი ტიპის შეკრება გადავა დისტანციურ რეჟიმში.

შეზღუდვების პირველი ეტაპის განმავლობაში, მაყურებლის თანდასწრებით ვერ გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გარდა ამისა, ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს შეზღუდვები საქართველოს რვა ქალაქსა და სათხულამურო კურორტებზე, სადაც შეაჩერებს ფუნქციონირებას მუნიციპალური ტრანსპორტი და ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა, ვეტერინარული ობიექტებისა, აგროსასურსათო საქონლის მიწოდების სერვისებისა. ყველა სხვა სავაჭრო სექტორი გადავა დისტანციურ მომსახურებაზე. აგრარული ბაზრები გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ასევე გააგრძელებენ მუშობას ბენზინგასამართი სადგურები, პროფილაქტიკები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.