მაია ცქიტიშვილი - ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე, ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს, მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს
მაია ცქიტიშვილი - ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე, ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს, მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს

ჩვენს ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და მის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია რევოლუციურ სცენარზე და აფეთქებაზე საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლების ყოველდღიური ამოცანა არის, მართოს პანდემიაც და ეკონომიკის გახსნის პროცესიც ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგები.

„ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ძებნა, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ყველაფერი ეს წინაპირობა და საშუალებაა სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას

ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ, ყველანი ერთად თუ ვისწავლით პანდემიასთან ერთად, წესების შესაბამისად ცხოვრებას, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას და ყველანი ერთად შევძლებთ ბევრად უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სფერო. ამიტომ ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე და ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს. სწორედ ამაზე იყო ჩვენი შეთანხმება დღეს ბიზნესთან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩვენ ნამდვილად ვართ ერთიანი ამ პოზიციაში ბიზნესიც და ხელისუფლებაც, ჩვენ არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს, ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ბიზნესის ასევე მათი თანამშრომლების და ბიზნესის მომხმარებლების ინტერესები, დავიცვათ მათი უსაფრთხოება და შესაბამისად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.