მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს
მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით 7 იანვრის ღამეს გამონაკლისი დაიშვა, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, საზოგადოების ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის უფლებების დაცვას.

„მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, ხომ? ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტრესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე. მაშინაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან. უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც გულისხმობს მათი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას.

ამდენად, 7 იანვრის ღამეს გამონაკლისი დაიშვა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ხოლო სხვა კონფესიებზე – გრიგორიანულ ეკლესიაზე, ან კათოლიკებზე, ლუთერანებზე და ა.შ, რა თქმა უნდა მათთან ვართ კონტაქტზე და როგორც გაზაფხულზე, ახლაც ხელს შევუწყობთ მათი უფლებების დაცვას.

გარწმუნებთ, ზედმეტი აჟიოტაჟია. შეიძლება, ჩვენ ეს საკითხი მეტად უნდა აგვეხსნა. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.