მაია ცქიტიშვილი - უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც სწორედ არჩევნებით ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც სწორედ არჩევნებით ადასტურებს, რომ
მაღალი რეიტინგი აქვს.
„ხელისუფლების რეიტინგი ყველაზე კარგად ჩანს არჩევნებზე. სხვადასხვა კვლევებს შესაძლოა, ვენდობოდეთ ან არა და ძალიან ბევრი ასეთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც მერე არ აისახებოდა არჩევნების შედეგებზე. უკვე რამდენიმე არჩევნებია, რაც ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ იმას, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი იმის ანარეკლიცაა, თუ როგორ მართავდა და მართავს ხელისუფლება პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.
„მთელ მსოფლიოში პანდემია უარყოფითად აისახა ადამიანებზე. საგანგებო ვითარების გამო, გაჩერდა ბიზნესები და საქართველო არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ჩვენს დიდ პარტნიორ ქვეყნებს აქვთ უარყოფითი ეკონომიკური ზრდა და დიდ ძალისხმევას სწევენ იმისთვის, რომ „კოვიდით“ გამოწვეული ზიანი დაუკომპენსირონ თავიანთ მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი აქვს და ეს რეიტინგი არის იმის ანარეკლი, თუ როგორ მართავდა და როგორ მართავს დღესაც ხელისუფლება კრიზისს, მათ შორის, არა მარტო ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, არამედ ეკონომიკურ გამოწვევებსაც. საგანგებო მდგომარეობის დაწყებიდანვე დავიწყეთ დახმარების პაკეტების გაცემა, ყველა ჯგუფზე რომელიც დაზიანდა „კოვიდის“ შედეგად და სამ-ნახევარი მილიარდი ლარის დახმარების პაკეტი არის უკვე გაცემული. ვმუშაობთ ინტენსიურად და შევძლებთ დავუმტკიცოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მის ნდობას ვიმსახურებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარების სიაში იქნებიან როგორც ნაცნობი, ისე ახალი სახეები.
„პირველ რიგში, ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ის, რომ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, აქვთ სურვილი, შესაძლებლობა და პატრიოტიზმი, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. სწორედ ამით არის გამორჩეული ეს სია, დაველოდოთ ორშაბათს, როდესაც გვექნება პრეზენტაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.