მაია ცქიტიშვილი - თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს
მაია ცქიტიშვილი - თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს

ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯები 2019 წელს უკვე გადაიდგა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის უფლებამოსილება. მათვე გამოეყოთ 40 მილიონი ლარი სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

მინისტრის თქმით, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში 2019 წლიდან შეიცვალა ტრანსფერის ფორმულა. მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხა დაუკავშირდა დამატებითი ღირებულების გადასახადს და ძველი მოდელისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების ზრდა აღარ იწვევს ტრანსფერის შემცირებას.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მუდმივად მზარდია და პირდაპირ მიბმულია ქვეყნის ზრდის პროცენტულ ზრდასთან.

„ახალი მოდელის შემოღების შედეგად, მუნიციპალიტეტების დაფინანსება, 2018 წელთან შედარებით, გაიზარდა 13 პროცენტით, რაც დაახლოებით 105 მილიონ ლარს შეადგენს. 50 მუნიციპალიტეტისთვის მოხდა თანხის 25 პროცენტით გაზრდა. მათ შორის არის ახმეტის, ხობის, ყვარლის, სიღნაღის, ახალციხის, ტყიბულის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ქედის, მესტიის მუნიციპალიტეტები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.