მაია ცქიტიშვილი - საქართველოში სისტემური ლოკდაუნი არ მოქმედებს, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ
მაია ცქიტიშვილი - საქართველოში სისტემური ლოკდაუნი არ მოქმედებს, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემური ლოკდაუნი, რადგან საქართველოში შეზღუდვები დაწესებულია რვა ქალაქში, რაც არ გულისხმობს ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვას და დღეში მხოლოდ ერთხელ გადაადგილებას აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ შინაარსზე და ვნახოთ მათ შორის ევროპული ქვეყნების ლოკდაუნი, სადაც ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ მივიდნენ სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში, გაასეირნონ ცხოველი ან ივარჯიშონ. ეს არის ლოკდაუნი, როდესაც აკრძალვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულია ყველა ბიზნესი, გაჩერებულია ყველა აქტივობა. რა მოქმედებს დღეს საქართველოში? – ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ. მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ არის სისტემური ლოკდაუნი, ვინაიდან დილის 05:00-დან 21:00 საათამდე ჩვენი გადაადგილება არ არის შეზღუდული არც ქვეითად, არც ტრანსპორტით. ასევე, შეზღუდვები მოქმედებს რვა ქალაქში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეხება მობილობის ხელშემწყობ საქმიანობას და ეს არის ბალანსი ეკონომიკასა და პანდემიას შორის.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამოყენების მიუხედავად, ვერცერთი სახელმწიფოს რესურსი ეყოფა, უზრუნველყოს მილიონობით ადამიანის მიერ პირბადის ტარების აღსრულება და ამასთან, ვერცერთი საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან.

„ძალიან ბევრი ადამიანი იყო სამწუხაროდ სავაჭრო ცენტრებში და ამ შემთხვევაში, ეს არის ამ სავაჭრო ცენტრების პასუხისმგებლობა. ყველა დადგენილი წესის დაცვა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მთავრობას, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქცია არ გვიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან“, –  განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, დეკემბერი სავაჭრო ქსელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია გაყიდვების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ, ბიზნესთან შეთანხმებით, ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიებს ვაჭრობის საშუალება მიეცემა.

„იმედი მაქვს, რომ ყველა დიდი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე გაიზიარებს იმ უდიდეს პასუხიმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ და უზრუნველყოფენ საახალწლო გაყიდვების პროცესს წესების დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ძალიან მარტივია. რაც შეეხება პარასკევის უჩვეულო ხალხმრავლობას სავაჭრო ობიექტებში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს უარყოფით დინამიკას ვირუსის გავრცელების ნაწილში და ეს სამწუხარო რეალობაა, ისევე როგორც რეგულაციების დაცვის გარეშე პოლიტიკურ აქციებს ჰქონდა უარყოფითი შედეგი ან თუნდაც სუფრებსა თუ სხვა მასობრივ ღონისძიებებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.