მაია ცქიტიშვილი - საქართველოს თავისი ადგილმდებარეობა სამომავლოდ გაცილებით მეტ ინვესტიციას მოუტანს 
მაია ცქიტიშვილი - საქართველოს თავისი ადგილმდებარეობა სამომავლოდ გაცილებით მეტ ინვესტიციას მოუტანს 

როდესაც ვსაუბრობთ კავშირებზე, ისინი რეალურად აკავშირებენ ადამიანებს, ქვეყნებს, ქმნიან ეკონომიკურ დერეფნებს, სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ გზების შენება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაია ცქიტიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის რკინიგზა, გზების მოწყობა, აეროპორტები და პორტები.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კავშირებზე, ისინი რეალურად აკავშირებენ ადამიანებს, ქვეყნებს, ქმნიან ეკონომიკურ დერეფნებს, სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ გზების შენება. საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეისთვის არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა შეიძლება, თბილისისა და ბათუმის დასაკავშირებლად საუკეთესო მარშრუტი არ არის, თუმცა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ევროპისა და აზიის დერეფანში.

„ჩვენ ვაშენებთ ტრასას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანას და არა მარტო ჩვენს ქვეყანას, ასევე აზიასა და ევროპას მისცემს საშუალებას, უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მიხარია, რომ ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი და ფაქტიურად, სწორედ საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ, ამ პოტენციალმა მოგვცა საშუალება, ბაზრები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. აეროპორტი, რომელსაც საუბარი შეეხო, ჩვენი ტრანსევროპული ინვესტიციების გეგმის ნაწილია. ასევე ჩართული ვართ ჩვენი რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურაში, ტვირთებისა და მგზავრების მომსახურებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ციფრულ კავშირებსა და ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა.

„ენერგოსფეროში უკვე დასახული გვაქვს საინტერესო პროექტები. ამ მხრივ, გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ შავ ზღვაზე კავშირს ევროპასთან, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით. წინასწარი სამუშაოების შესწავლა უკვე დაწყებულია და დადგენილია, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი პოტენციალი ამ მხრივ და სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, შეიძლება, ჩვენი ჰიდროენერგორესურსები, ელექტროენერგია მივაწოდოთ ევროპის ბაზრებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ამით საქართველო მოახდენს საკუთარი ქსელის დივერსიფიცირებას და მეორე მხრივ, ევროპას მისცემს საშუალებას, ენერგიის წყაროები დივერსიფიცირებული ფორმით გამოიყენოს.

„ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას საქართველოს მეშვეობით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველო გარკვეულწილად, ბიზნესის ციფრული ფორმით წარმოების რეგიონულ ცენტრად გარდაიქმნა.

ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილმდებარეობა საქართველოს სამომავლოდ მეტ ინვესტიციას მოუტანს.

„ეს ყველაფერი კი, შავი ზღვის მეშვეობით ხორციელდება, რაც უსაფრთხოების დაცვას საჭიროებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა ასევე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რაც მისი თქმით, საქართველოს საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურის საშუალებით, უწყვეტი და სანდო კავშირები დაამყაროს, როგორც რკინიგზის, გზის და საზღვაო ტრასების მეშვეობით. მინისტრის შეფასებით, ეს არის პოტენციალი, რომლის შედეგად ბიზნესები, ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს.

ბათუმში მეორე დღეა, მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.  კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

დატოვე კომენტარი