მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ბიუროკრატია გამართულად მუშაობს და ანტიკორუფციული პრაქტიკები, რასაც წლების განმავლობაში ვნერგავთ, შედეგიანია
მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ბიუროკრატია გამართულად მუშაობს და ანტიკორუფციული პრაქტიკები, რასაც წლების განმავლობაში ვნერგავთ, შედეგიანია

ათ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანას შორის დასახელება მნიშვნელოვანი შედეგია როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ბიუროკრატია გამართულად მუშაობს.

„დინამიკაში, ქრთამის შეთავაზებისა და ქრთამის აღებაზე უარის თქმის მაჩვენებლები 2012 წლიდან, შესაბამისად რვაჯერ და 15-ჯერაა გაუმჯობესებული. ეს აჩვენებს, რომ მოქალაქეებმა იციან, რომ მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა საჯარო მოხელეების მოვალეობაა და საჭირო არაა ქრთამის შეთავაზება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეს კვლევა ჩატარდა ბიზნესის სუბიექტებს შორის, ვისაც ხშირად უწევს სახელმწიფოსთან ურთიერთობა იმ ჭრილში, სადაც თეორიულად შესაძლოა, იყოს კორუფციის რისკი.

ეს მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია გამართულად მუშაობს და ანტიკორუფციული პრაქტიკები, რასაც წლების განმავლობაში ვნერგავთ, არის შედეგიანი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობებსა და საინვესტიციო გარემოზე, რაც უკვე სხვა შეფასებებსა და რეიტინგებში ასევე, დადებითად აისახება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კვლევის თანახმად, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხის გათავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის საქართველო საუკეთესო ათეულში მოხვდა. საწარმოთა კვლევა ოთხ წელში ერთხელ ტარდება და მისი მიზანი ბიზნეს გარემოს შეფასებაა.