მაია ცქიტიშვილი - ქართული სუფრა არ არის ქეიფი, ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია, ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ იმით, რაც გვაქვს
მაია ცქიტიშვილი - ქართული სუფრა არ არის ქეიფი, ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია, ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ იმით, რაც გვაქვს

ქართული სუფრა არ არის ქეიფი, არამედ ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მენიჭების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ჭიდაობას, ქართულ პოლიფონიას, ქართულ ანბანს და ა.შ.

„ყველა ქართველმა იცის, რა იგულისხმება ქართულ პოლიფონიაში, რა იგულისხმება ქართულ ჭიდაობაში, რა იგულისხმება ქართულ სუფრაში. ძალიან მიკვირს, როცა ვიღაცებისთვის გასაოცარია, რომ ქართულო სუფრა განსხვავდება იტალიური სუფრისგან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. ეს არის პირველ რიგში ის ტრადიცია, რომ ქართველებს გვყავს თამადა, ქართველებს სუფრაზე გვაქვს სადღეგრძელო, რომელსაც იცით ყველამ, რომ თავისი თანმიმდევრობაც კი აქვს. გარდა ამისა, ქართული სუფრა არის, მათ შორის ქართული პოლიფონია, ქართული სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ა.შ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია. პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, შემდგომში ხდება იუნესკო-ს არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ისევე როგორც ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია გახდა, ისევე როგორც ქართული პოლიფონია და ქართული ანბანი გახდა. ამდენად, მოდით, ქილიკის ნაცვლად, ვიამაყოთ იმით, რაც გვაქვს და ვეცადოთ ყველამ, ერთად მოვახდინოთ ამის დაცვაც, პოპულარიზაციაც. როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის სწორედ იმ ქართული ბუნების, ქართული ხასიათის, ქართული კულტურის, ქართული ისტორიის და მათ შორის ქართული სუფრის გამო”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს – „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.