მაია ცქიტიშვილი - მთელ საზოგადოებას გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა
მაია ცქიტიშვილი - მთელ საზოგადოებას გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა

ყოველთვის ვცდილობდით, მოგვეძებნა ბალანსი, ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ ვითარებას შორის. კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგი არის თვალსაჩინო, ვირუსის გავრცელება არის შენელებული და ასევე ვხედავთ, დასტაბილურებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, ვინაიდან, მაგალითად  დღეს, ერთ დღეში, ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლენილია 3 064 ინფიცირების შემთხვევა და თითოეულ მოქალაქეს, ასევე ხელისუფლებას, კერძო სექტორს და მთელ საზოგადოებას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გაუფრთხილდეს იმ შედეგს, რომელიც მიღწეულია და არ მოხდეს ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მსჯელობდა შეზღუდვების შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ეპიდემიოლოგები, ექიმები, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო სრული შემადგენლობით. დღეების განმავლობაში, ვაკვირდებოდით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რომელიც გვქონდა, ვაკვირდებოდით შემთხვევების შემცირების დინამიკას და ბუნებრივია, ყველანი ვაკვირდებით იმ ტენდენციებსა და პროცესებს, რომელიც უკლებლივ ყველა ქვეყანაში, რეგიონში, ჩვენ გარშემო მიდის. ბევრი ქვეყანა იღებს უფრო მკაცრს გადაწყვეტილებებს საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მოგვეძებნა ბალანსი, ეპიდემიოლოგიურ  და ეკონომიკურ ვითარებას შორის. კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგი არის თვალსაჩინო, ვირუსის გავრცელება არის შენელებული და ასევე ვხედავთ, რომ დასტაბილურებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვინაიდან, მხოლოდ დღეს, ერთ დღეში, ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლენილია 3 064 შემთხვევა და საავადმყოფოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მკურნალობს 6 358 მოქალაქე. ამდენად, ვითარება არ არის მარტივი და ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, როგორც მოქალაქეებს, ასევე ხელისუფლებას, კერძო სექტორს და მთლიანად, მთელ საზოგადოებას, გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ შედეგს, რომელიც უკვე იქნა მიღწეული, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ ყველა იმ ფასს, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიხდით ამ შეზღუდვების შედეგად“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.