მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობა კარგად ხედავს განსხვავებას ოპოზიციის აქციებსა და საზოგადოების გულწრფელ პროტესტს შორის
მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობა კარგად ხედავს განსხვავებას ოპოზიციის აქციებსა და საზოგადოების გულწრფელ პროტესტს შორის

სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქციები, რომლებსაც ოპოზიციის წევრები ატარებენ, გაცდენილია გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციები არ არის სახალხო პროტესტი.

„ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა არის ალბათ ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ტურიზმის, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, იმ განწყობის შენარჩუნებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისთვის იქნებოდა პოზიტიური. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, ვხედავთ ჩვენი ოპზოციის მცდელობას, რომ წარმოაჩინონ ეს აქციები როგორც სახალხო პროტესტი. ვხედავთ, მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ ეს აქციები პირველ რიგში არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული.

ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალო პროტესტთან. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქციები, რომელსაც ოპოზიციის წევრები ატარებენ და რისი სრული უფლებაც აქვთ, არის გაცდენილი გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის აგრესიული ქმედებები, რომლებიც არის მიმართული პარლამენტარების მიმართ. მათ შორის, დღესაც კონკრეტულ პარლამენტარებს არ მიეცათ თავისი ფუნქციის განხორციელების, პარლამენტში შესვლის საშუალება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი არ ემუქრება.

„რა თქმა უნდა, ეს ფორმები არ არის მისაღები და აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. პირველ რიგში, მივცეთ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუციას, პარლამენტს, საშუალება, რომელიც ასახავს ჩვენი მოსახლეობის არჩევანს და რომელიც სწორედ რომ არის საარჩევნო პროცესის შედეგად ჩვენი მოსახლეობის არჩევანის გამოსახულება, ამ პარლამენტარებს, შეასრულონ თავისი მოვალეობა, იმუშაონ და წარმართონ დემოკრატიული პროცესი. გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი არ ემუქრება. წლების განმავლობაში ეს ყველას დავანახეთ და დღესაც, ის, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან, ეს არის იმ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, როდესაც არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია, რომელშიც უმეტესწილად მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და ასხვავებენ ამ აქციებს იმ აქციებისგან, რომლებიც რეალურად მოსახლეობის  გულწრფელ პროტესტს ასახავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.