მაია ცქიტიშვილი - მინდა, ყველა დავამშვიდო, როდესაც წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვექნება ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა
მაია ცქიტიშვილი - მინდა, ყველა დავამშვიდო, როდესაც წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვექნება ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა

ავსტრიულმა კომპანიამ 2014 წელს წარმოადგინა წყალტუბოს განვითარების ხედვა, რაც იქნება საფუძველი ჩვენი გენგეგმისთვის, სადაც  უკვე დეტალურად გაიწერება კურორტის განვითარების ყველა მიმართულება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„გენგეგმაზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელშიც საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ კომპანიას, ჩაერთოს ღია წესით. გენგეგმის შექმნის პროცესი, კანონის მიხედვით, მოითხოვს საჯარო განხილვებს  და ვაპირებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც დღეს დაისვა ან მომავალში გაჩნდება. ეს იქნება – გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იდენტიფიცირება თუ სხვა თემები. მინდა, ყველა დავამშვიდო, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, როდესაც ასეთი ტიპის კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც, განავითაროს ეს კურორტი,” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, გენგეგმაზე მუშაობა არავითარ კავშირში არ არის სასტუმროების პრივატიზებასთან, კურორტის განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტი კი საინვესტიციო გეგმის შემუშავების შემდეგ დაზუსტდება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ინტერვიუშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა გეგმა აქვს. პირველი შეთავაზება ეკუთვნის ბიზნესს – ოცდაორივე სასტუმროს და ცხრა აბაზანის შემთხვევაში, სახელმწიფო ჩაატარებს ღია აუქციონს და გააგრძელებს საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს. მისი მიზანია, რომ კომფორტი და გარანტია შეუქმნას ბიზნესს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩაიდება ინვესტიცია სრულად, ან თუ სახელმწიფოს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, არ ექნება სათანადო რესურსი, მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა ერთიანად განავითაროს, ბატონი ბიძინას როლი და ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ დაეხმაროს როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს, რათა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.