მაია ცქიტიშვილი - მესმის, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო სიმართლის მოსმენა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში იყო
მაია ცქიტიშვილი - მესმის, ოპოზიციონერი ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო სიმართლის მოსმენა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში იყო

მოსახლეობამდე სიმართლისა და ობიექტური რეალობის მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ბევრი ადამიანისთვის, ოპოზიციური წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო სიმართლის მოსმენა, რაც გუშინდელ ინტერვიუში იყო.

„აუცილებელია იმ რეალობის შეფასება, აუცილებელია სწორი ანალიზის მოსმენა, რაც გუშინ ვიხილეთ. გარდა ამისა, რაც ასევე გუშინ მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ უშუალოდ პარტიის ლიდერისგანაც მოვისმინეთ,  ახსნა-განმარტება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ სურვილი, სამწუხაროდ, ეს სურვილი და დაპირება ვ ერ განხორციელდა. თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ამომწურავი ანალიზი გაკეთდა – ეს არ ნიშნავს , რომ ჩვენ რამე დანაშაული მიგვიძღვის დემოკრატიული პროცესების ან საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდა, მაგრამ კითხვა არ ჩნდება იმაზე, რამდენად დემოკრატიულად და სწორად ვითარდება ქვეყანა.

„ჩემთვის პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრის ანალიზი, მათ შორის იმ მიზეზების ანალიზიც, რატომ გვაქვს ვითარება, როდესაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, არ არის ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია ქვეყანაში, რატომ არ არის პროგრამებზე ჭიდილი, რატომ არ გვაქვს ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ იყო ვითარების სიღრმისეული ანალიზი.

„ანალიზი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო. მესმის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერის მხრიდანაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდანაც ასეთი ტიპის ანალიზი მოისმინოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი