მაია ცქიტიშვილი – მეცინება, თუ რამდენად უსუსურია ოპოზიცია და რამდენად უნიჭო სპექტაკლებს დგამს უნიჭო მსახიობებით
გამეცინება და მეცინება იმაზე, თუ რამდენად უსუსურია ოპოზიცია და რამდენად უნიჭო სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
მაია ცქიტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომას გამოეხმაურა და ვიდეორგოლის მსვლელობის დროს, მისი ღიმილის მიზეზი განმარტა. ცქიტიშვილის თქმით, ძალიან დასანანია, როცა ამ ყველაფერს ასეთი სახის ინტერპრეტირება ეძლევა.
„სინამდვილეში, ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რაც უმძიმესი სანახავია. ეს კადრები ვნახეთ, 20-21 ივნისის ღამეს და მას შემდეგ საშუალება გვქონდა, სხვადასხვა სახის კადრები გვენახა. მათ შორის, შტურმის კადრები და მთლიანად ეს ღამე და მოვლენები, მთლიანობაში ძალიან ტრაგიკულია. რაც შეეხება ჩემს ღიმილს, ღიმილის მომგვრელია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება, რომელსაც არაფერი აღარ დარჩენია, იმდენად უსუსურად და სასაცილოდ გამოიყურება. სალაპარაკო არაფერი აღარ დარჩათ, პოლემიკაში შესვლის საშუალებაც აღარ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომის წამყვანმა თქვა, რომ ხალხის კითხვების დასმას აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, მუსიკალური კლიპი მივიღეთ, რომელიც არის სპექტაკლის, იმ კლოუნადის ნაწილი, რომელიც დადგა ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“. ეს არის მათი ხელწერა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მართავდნენ. მოდელირებულ რეალობას, ვირტუალურ საქართველის ქმნიდნენ, სადაც გვაცხოვრებდნენ. ნამდვილად მეცინება, როცა სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და ასეთ გულმხურვალე საუბარს იმ ადამიანებისგან ვისმენთ, ვინც მთელი წლების მანძილზე ძალადობით, ხელისუფლების უზურპირებით, ადამიანების ცემით, ადამიანების მოკვლით მართავდა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისგან კლიპი იქნება, კადრები, თუ ქმედება, რაც მათგან ვიხილეთ, არის მათი ხელწერისა და სახის დემონსტრირება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა იმ ახალგაზრებზეც, ვინც აქციის დაშლას აპროტესტებს და თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.
„რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ ვეტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი გულწრფელი პროტესტი გამოყენებულია არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალების მიერ. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებს ენახათ განსხვავება
პასუხისმგებლიან მთავრობასა და უპასუხისმგებლო, დესტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას შორის. მათ მოვუწოდებ, რომ თუ ქვეყნის მშენებლობა სურთ, სჯობს, მთავრობასთან კონსტრუქციულ დიალოგში შევიდნენ. ეს მზაობა არაერთხელ გვქონია. პოლიტიკური აქცია, სპექტაკლები და პერფორმანსი ემსახურება იმას, რომ
პოლიტიკური შოუ დადგან, რომელსაც ასე უნიჭოდ ასრულებენ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.