მაია ცქიტიშვილი - ლარის სტაბილურობას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება
ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლარის კურსზე და მისი გამყარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ, გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის მცდელობამ, პირდაპირ ეთერში მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებამ და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებულმა სანქციებმა, რამაც გამოიწვია დაახლოებით მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვა მოგვცა დღევანდელი სურათი. მისივე თქმით სიცრუეა, რომ თითქოს სახელმწიფოა არ აქვს ეკონომიკური პროგრამა.
„სახელმწიფოს ყველა ქმედება იქნება ეს ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, მიმართულია ჩვენი ბიზნესის, გლეხების, წარმოების გასაძლიერებლად. სხვადასხვა პროგრამით ხელს ვუწყობთ რომ მათ შექმნან საწარმოო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ააშენონ სასტუმროები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და გავაძლიეროთ ლარი. თუმცა, ყველაფერი ეს ფუჭია როდესაც რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივად ვიყოთ რევოლუციების და გადატრიალებების რეჟიმში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გლეხს დღეს აინტერესებს გაიყიდება თუ არა მისი მოსავალი, ეყოლება თუ არა იმდენი ტურისტი რამდენიც შარშან, თუმცა მისი თქმით სტაბილურობას ხელს უშლიან უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომელთაც სწორედ ის აინტერესებთ რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს გაღატაკებული და ამით აწიონ საკუთარი დივიდენდები, რადგან სხვა რესურსი არ გააჩნიათ.
„ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეუძლია, პირველ რიგში, არის სტაბილურობის და სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობის შენარჩუნება და სწორედ ამით იყო დაკავებული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში სცადეს ამის დარღვევა. საქართველოს მთავრობა ცდილობს, შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რაც წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა. ეს ეხება როგორც გაყიდვებს, ისე ტურისტების მოზიდვას. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მცირე მეწარმეებს და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა დახმარების კონკრეტული პაკეტი, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ გაუძლონ ამ სეზონს და შემდეგისთვის ეცადონ, სხვა ქვეყნებიდან მოიზიდონ ტურისტები. სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.