მაია ცქიტიშვილი - კოორდინირებული ქმედებებით შესაძლებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან ნაკლებად დაზარალებულნი გამოვალთ
მაია ცქიტიშვილი - კოორდინირებული ქმედებებით შესაძლებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან ნაკლებად დაზარალებულნი გამოვალთ

ჩვენი ამოცანაა ბალანსის პოვნა დაავადების გავრცელების შენელებასა და ეკონომიკის მუშაობასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ზიანი, არ გაგვიჩერებია სრულად ეკონომიკა და მაქსიმალურდ ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა ყველა იმ ბიზნესსუბიექტის საქმიანობა, სადაც არ არის საფრთხე დასაქმებული ადამიანებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, როცა დაწესდა შეზღუდვები საცალო ვაჭრობაში, ბიზნესის დიდი ნაწილი ძალიან სწრაფად გადაეწყო და აამუშავა მიწოდების სერვისი, რაც ბევრისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და ყველა ობიექტი, რომელიც ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მინდა, ყველა რგოლის წარმომადგენელს – მუშას, მენეჯერს თუ კომპანიის მფლობელს, გადავუხადო მადლობა მათი შრომისთვის, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღეს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ეკონომიკაში 600 მილიონი ლარის დაბრუნება და ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ჩადება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად შევძლოთ ეკონომიკის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით სასიხარულოა ისიც, რომ საფინანსო ინსტიტუტების სახით წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ახლა უკლებლივ ყველა პარტნიორი გვიკავშირდება დახმარების სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მივმართოთ ისეთ დარგებსა და პროგრამებზე, სადაც ყველაზე პოზიტიურ შედეგს მივიღებთ და ასევე, დავასტაბილუროთ ვალუტის კურსი. ყველა მასტიმულირებელი ღონისძიება, რაც უკვე შევთავაზეთ სხვადასხვა პროფილის ბიზნესს და რასაც აწი შევთავაზებთ, ერთობლივად იგეგმება. ამ პროცესში ჩართულია მთავრობა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტები. ვფიქრობ, სწორედ კოორდინირებული ქმედებებით არის შესაძლებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან, საბოლოოდ, ნაკლებად დაზარალებულნი გამოვალთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.