მაია ცქიტიშვილი - ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც დროის ეკონომიის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით
მაია ცქიტიშვილი - ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც დროის ეკონომიის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე თითოეული დამატებითი მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც დროის ეკონომიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომენტრიანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველაზე დატვირთულ გზაზე, დაახლოებით ექვსი სოფლის გავლის ნაცვლად, ამჟამად შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების მონაკვეთზე გადაადგილება.

„შეიძლება, 14 კილომეტრი არ ჟღერს მნიშვნელოვნად, მაგრამ ეს არის დაახლოებით 30%-ით დროის შემცირება, დროის დაზოგვა იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ მანამდე ჯაპანა-ლანჩხუთამდე გადავადგილდებოდით. დროის ეკონომიის გარდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტი; განსაკუთრებით, ამ სეზონზე, დამსვენებლები, გარდა იმისა, რომ დასახლებულ პუნქტებს აღარ გაივლიან და დისკომფორტი აღარ შეიქმნება, უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროცესში არსებული გეოლოგიური პრობლემები აღმოფხვრილია და დღეს გახსნილი 14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველ და მეოთხე ლოტზე.

„ჩვენ უკვე გაისად გავხსნით კიდევ დამატებით ორ მონაკვეთს. მესამე მონაკვეთზე კი, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის გზაც არის მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილი. საქართველოზე გამავალი მაგისტრალები არის არა მხოლოდ თბილისიდნ ბათუმამდე გზა, არამედ ეს არის საერთაშირისო მაგისტრალის ნაწილი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.