მაია ცქიტიშვილი - განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობისთვის, გაგრძელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობისთვისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, 2021 წელს გაგრძელდება აბასთუმნის, ბაკურიანის, მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების აღდგენა-განახლების პროექტები. ურბანულად განახლდება თელავისა და ველისციხის ცენტრები, გაგრძელდება კობისა და თრუსოს ხეობის განვითარების, და დუშეთის, გორისა და სხვა დასახლებების ურბანული განახლების პროექტები.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა. ასევე, დასრულდება მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენგეგმები, ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია, რაც ამ დასახლებების გეგმაზომიერ და კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება.
„მოწესრიგდება და განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც. მოეწყობა როშკა-არხოტის, ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, დასრულდება ყაზბეგის მუზეუმისა და ბორჯომის კავალერიის მუზეუმის რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკასა და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, ახალი ტურისტული ლოკაციების თუ მარშრუტების ჩამოყალიბებას და ამ გზით რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებელობების შექმნას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, აუცილებელია ტურისტული ცენტრების მართვის ახლებული მეთოდების დანერგვა, რისთვისაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი უკვე შექმნილია.