მაია ცქიტიშვილი - გამყოფი ხაზის სოფლებში სახელმწიფოს წელს 64 მილიონი ლარის მიმდინარე და დაგეგმილი 191 პროექტი აქვს
მაია ცქიტიშვილი - გამყოფი ხაზის სოფლებში სახელმწიფოს წელს 64 მილიონი ლარის მიმდინარე და დაგეგმილი 191 პროექტი აქვს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა  პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვას უპასუხა. მან განმარტა, რომ 2019 წელს ამ დასახლებებში სახელმწიფო ახორციელებს და დაგეგმილი აქვს 64 მილიონი ლარის პროექტი.

„გამყოფ ხაზთან გვაქვს116 დასახლება, სულ 10 მუნიციპალიტეტში და ყველა ამ დასახლებაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ სოფლებს დიდი ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი სამინისტრო არის „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ კოორდინატორი და მოკლედ გეტყვით ძირითად მონაცემებს: მხოლოდ 2019 წელს გვაქვს 64 მილიონი ლარის მიმდინარე და დაგეგმილი 191 პროექტი.

გზის ინფრასტრუქტურის ნაწილში 10 სოფელში მიმდინარეობს 20 მილიონი ლარის 8 პროექტი, 2019 წლის დასაწყისში რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასრულდა წყლის პროექტის პირველი ეტაპი და უკვე დავიწყეთ მეორე ეტაპი. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, 21 სოფლის 16 ათას მოსახლეს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მიმდინარეობს ცხრა ამბულატორიის მშენებლობა, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში უკვე მოეწყო და აღიჭურვა 45 ამბულატორია.

ორ სოფელში მიმდინარეობს ბაგა-ბაღების პროექტირება-მშენებლობის პროექტი, რვა სოფელში – სკოლების რეაბილიტაცია და ორი ახალი სკოლის მშენებლობა. რაც შეეხება გათბობის უზრუნველყოფას, 2013-2019 წლებში ამ დასახლებებისთვის გამოიყო 10 მილიონი ლარის შეშა. 6000 მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლების საფასური, გვყავდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ 205 ბენეფიციარი, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლა 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა და განხორციელდა 62 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.