მაია ცქიტიშვილი - გამოვხატავ პატივისცემას „ენდიაის“, „აიარაის“ და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუციების მიმართ, თუმცა მათი ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს
მაია ცქიტიშვილი - გამოვხატავ პატივისცემას „ენდიაის“, „აიარაის“ და სხვა ავტორიტეტული ინსტიტუციების მიმართ, თუმცა მათი ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

გამოვხატავ პატივისცემას „ენდიაის“, „აიარაის“ და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების მიმართ, თუმცა წლების განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, რომ მათი ქართველი პარტნიორები, რომელიც კვლევებს ველზე ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ ადგილზე არსებულ რეალურ განწყობებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის საქმიანობის შეფასების შესახებ „ენდიაის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ეს ყველა საკითხს არ ეხებოდეს და თითოეულ პროცენტულ მაჩვენებელში შესვლა ძალიან რთულია.

„ნება მომეცით, ამ შეფასებას ასეთი სახით სრულად არ დავეთანხმო. თუმცა, საკითხებს, რომელიც „ენდიაის“ კვლევებში მოხვდა, რომელიც პირველ ხუთეულში შედის: დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის შემოსავლები, საქართველოს მთავრობა თავადაც აყენებს. ვიცით, რომ სიღარიბეა ჩვენი მთავარი გამოწვევა, ვიცით რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი არ ეთანხმება მთავრობის მუშაობის უარყოფითად შეფასებას.

„არ დავეთანხმები, რა თქმა უნდა, იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითი, თუ ეს ასე არის შეფასებული. ჩვენ თავს ვთხოვთ პირველ რიგში მეტს, ყოველდღიურ რეჟიმში. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნაც ხელისუფლების და მთავრობის მიმართ იზრდება და პირველ რიგში, ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს, რომ მოსახლეობა უფრო მეტად აკონტროლებდეს ხელისუფლებას“, – მაია ცქიტიშვილი.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.