მაია ცქიტიშვილი - ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი
მაია ცქიტიშვილი - ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უადგილოა შეკითხვები იმის შესახებ, აირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ევროპის გზა და არის თუ არა მთავრობა პროევროპული.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად პროევროპულია და ამას ვამტკიცებთ საქმით, ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი – პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი და დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და დაახლოებს ევროკავშირთან“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.