მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის ხალხის მიერ გამოთქმული პროტესტი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, მათი აქტივისტების დადგმული წარმოდგენები
მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის ხალხის მიერ გამოთქმული პროტესტი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, მათი აქტივისტების დადგმული წარმოდგენები

ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების მცდელობა აქვს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე აქციების შეფასებისას განაცხადა.

„ოპოზიციას აქვს მხოლოდ დესტრუქციული ქმედებების მცდელობა, ხდება ხელოვნურად ამ ყველაფერის წარმოჩენა, როგორც ფართო სახალხო პროტესტის.

ამ ყველაფერს მოყვება ქმედებები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი კანონით. მეტსაც გეტყვით, კანონსაც არღვევენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოყვება სამართალდამცავთა შესაბამისი ქმედებები.

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა დისკომფორტი, როდესაც „მონას“ და „სირცხვილიას“ შეძახილების ფონზე შედიან ღონისძიებებზე.

„რა თქმა უნდა, არ მქონდა არავითარი დისკომფორტი, რადგან ძალიან კარგად მესმის და ძალიან კარგად ვხედავ, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს აქცია არის ორგანიზებული და წარმართული ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ. ეს არის მათი დღის წესრიგი, ეს არის ეს არის მათი ე.წ. პერფორმანსი, ეს არის მათი წარმოდგენა, იმის, რაც მათ უნდათ რომ გააკეთონ. მათ აქვთ ამის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და მე ამასთან დაკავშირებით არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. ეს არ არის ხალხის მიერ გამოთქმული პროტესტი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, მათი წევრების, მათი აქტივისტების მიერ დადგმული წარმოდგენები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.