მაია ცქიტიშვილი - ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით
მაია ცქიტიშვილი - ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით

ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გადავადებას, იყო მთავრობის, ბანკებისა და ამ ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივა და ამას ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიკროსაფინანსოების ნაწილის მხრიდან შეღავათების დაწესებაზე უარის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას შეუძლია, მხოლოდ მოუწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაიაზრონ არსებული ვითარება და იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა.

„ეს ორგანიზაციებიც, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე ვატარებთ უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ან დაკარგავენ შემოსავალს ან დაზიანდნენ ამ გლობალური პანდემიის შედეგად, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.

ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ამ ორგანიზაციებმა შეიძლება გააკეთონ. რა თქმა უნდა, ყველა იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ გახდებიან თქვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, მომავალში ისინი აირჩევენ სხვა, უფრო საიმედო, სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ, ამ ორგანიზაციებს შესაძლოა, მომავალში რეპუტაციური რისკებიც კი ჰქონდეთ. ამიტომ, ყველამ ერთად გავიაზროთ რომ, ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ეს არ არის ჩვეულებრივი კრიზისი, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, ბიზნესსაქმიანობაც და ძალიან ბევრი ახალი გამოწვევის და გლობალური ცვლილების წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.