მაია ცქიტიშვილი - ჟენევის მოლაპარაკებები არის ოფიციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება, რუსეთის ფედერაციას ვესაუბროთ
მაია ცქიტიშვილი - ჟენევის მოლაპარაკებები არის ოფიციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება, რუსეთის ფედერაციას ვესაუბროთ

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის ოფიციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება, რუსეთის ფედერაციას ვესაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ჟენევის მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფორმატი არის საშუალება, რომ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის აღდგენისთვის საჭირო პროცესი წარიმართოს. ეს არის ის ოფიციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება, ვესაუბროთ რუსეთის ფედერაციას. მინდა მჯეროდეს, იყოს რუსეთის ინტერესიც, რომ ასეთი საერთაშორისო ფორმატის გამოყენება მოხდეს მაქსიმალურად კონსტრუქციულად და ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, გადაწყდეს.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს, ძალიან სამწუხარო და მძიმე საყურებელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა რუსეთის დელეგაციის საქართველოდან გაცილება. როდესაც რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია რუსი დეპუტატის დაცვა, რაც ნამდვილად არ შეეფერება იმ სულისკვეთებას, რაც ქართველებს ზოგადად რუსების მიმართ გვაქვს. ქართველებს არასოდეს განუხორციელებიათ დევნა. კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ჩვენს ქვეყანაში ღია ვართ ჩვენი რუსი მეგობრების მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილი არიან საქართველოსა და ტურისტების მიმართ, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და უყვართ ის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები აქტიურად დახვდებიან. ველოდებით რუსეთიდან ტურისტებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სერგი გავრილოვთან დაკავშირებული პროტესტი სამართლიანი იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი შეუერთდა. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ბოლოდროინდელ განცხადებებზეც ისაუბრა.

„ამას მოჰყვა დროული რეაგირება, თუმცა პროტესტს არანაირი საერთო არ აქვს ჩვენს განწყობასთან რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ეს იყო პროტესტი კონკრეტული დეპუტატის მიმართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში და ანტირუსულ განწყობებში.

რაც შეეხება კარასინის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, მინდა მჯეროდეს, რომ ორივე ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები, ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ვეძებდით პრაგმატულ გზას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მოგვცემდნენ საშუალებას, ჩვენი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება მოხდეს. საერთაშორისო ფორმატები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კვალდაკვალ მოგვცემს საშუალებას, რომ ეს ვითარება, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, დავაბრუნოთ ისევ იმ მშვიდობიან ჩარჩოში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.