მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდნენ
მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდნენ

პანკისის ხეობის საზოგადოებრივ ცენტრში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

ახალგაზრდებმა უწყებების პირველ პირებთან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებისა და ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხებზე ისაუბრეს და ასევე, ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგეგმარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ჰესების მშენებლობის საკითხებითა და სასმელი წყლის პრობლემებით.

მათ შეკითხვებს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ხელისუფლების სურვილია, პანკისის ხეობა განვითარდეს და გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტიგანხორციელდეს.

„პანკისის ხეობა სტაბილურად უნდა განვითარდეს. ნებისმიერი საკითხით სპეკულირება არის ძალიან ცუდი. საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ. ის პრობლემები, რაც ჩამოთვალეთ, სხვა რეგიონებისთვისაც პრობლემაა. ჩვენი ხელისუფლება რეგიონებს ან ეროვნებას ერთმანეთისგან არ ასხვავებს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში 270 მილიონამდე გაიზარდა თანხა, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე მოგვარდეს პრობლემები. გვაქვს დუისში, წინუბანში, ოსიაურში ახალი სკოლის პროექტები. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შიდა გზების მოწესრიგება და რეაბილიტაცია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მაჩალიკაშვილი დაესწრო, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციებს აანონსებდა.

დღეს მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც თავად განმარტა, გაარკვია, რომ გამოძიებაზე კონკრეტული სამინისტროებისგან კომპეტენტურ პასუხს ვერ მიიღებდა.

თავის მხრივ, მაია ცქიტიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტეს, რომ სამართლებრივი საკითხის გამოძიება ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, თუმცა გამოძიების პრეროგატივაა.

ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი დღესვე სოფელ მატანის მოსახლეობას, პანკისის ხეობის უხუცესებს და ქალთა საბჭოს შეხვდებიან.