მაია ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის იმ დარგებზე, რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს პანდემიის შედეგად
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის იმ დარგებზე, რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს პანდემიის შედეგად

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს უკვე მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების დაწესება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკის სიჯანსაღეს შორის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელს მსოფლიოში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება ეკონომიკის სიჯანსაღეზე აისახება და ყველა ქვეყანა შესაბამისად რეაგირებს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენს ეკონომიკაზე შეგვემცირებინა შესაძლო ზიანი და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც საგანგებო ვითარების ფარგლებში ჩვენ ვუშვებდით უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, ვიდრე ის რეჟიმი, რომელიც ამოქმედდება ხვალიდან. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ეკონომიკაზე ზიანი და შესაბამისად შეგვენარჩუნებინა მაქსიმალურად სამუშაო ადგილები, მიგვეცა საშუალება ადამიანებისთვის, რომ ჯანდაცვის წესების დაცვით ემუშავათ და მიეღოთ შემოსავალი. თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს უკვე მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების დაწესება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკის სიჯანსაღეს შორის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზიანის გათვლა და რამე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„რაც შეეხება ზიანს, ზიანი რა თქმა უნდა პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია იმ შეზღუდვებსა და იმ რეჟიმზე, რომელიც იქნება დაწესებული. დღეს ამ ზიანის გათვლა და რამე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება არ არის შესაძლებელი. ამიტომ გავიმეორებ ბატონი გიორგის შენიშვნას და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულიზმი ძალიან სახიფათოა ამ მიმართულებითაც. ძალიან სახიფათოა არარეალისტური დაპირებების მიცემა მოსახლეობისთვის, არარეალისტური და პოპულისტური მოსაზრებების და პროგნოზების გაკეთება და უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენი ეკონომიკური პაკეტი იქნება ძალიან მიზნობრივი, ძალიან კონკრეტული და იქნება მიმართული იმ ჯგუფებზე, ეკონომიკის იმ დარგებზე, რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს ამ პანდემიის შედეგად. შესაბამისად, ჩვენი პასუხი ამ ქმედებებსა და ამ გამოწვევებზე იქნება კონკრეტული, მიზნობრივი და დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტული ზიანის შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვნახავთ. რა თქმა უნდა, იქნება დამოკიდებული ამ შეზღუდვების მოქმედების პერიოდზე, იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ვითარება საქართველოში. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენ არ ვკრძალავთ სრულად ეკონომიკურ საქმიანობას. თუ მოქალაქეები არ გაჰყვებიან ამ შეზღუდვებს, არ შეასრულებენ ზედმიწევნით ყველა იმ შეზღუდვას, რეკომენდაციას და თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ დაავადების გავრცელების ამ შედარებით დადებით ტემპს და თუ ჩვენ ამის შედეგად მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების შემოღება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზიანი იქნება უკვე სხვა რიცხვი, რომელზეც შესაბამისად უკვე სხვა პასუხის გაცემა მოგვიწევს.

სოციალურად დაუცველები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ზრუნვის საგანი და თქვენ დღესაც ხედავთ შეუიარაღებელი თვალით, იგივე როგორც მარნეულში, ბოლნისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები, ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალურად ზრუნავენ ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ. ეს არის უკვე ის სოლიდარობის აქტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაც, ბიზნეს სექტორის და მოხალისეების მხრიდანაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაზე გაჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.