მაია ცქიტიშვილი - ბიზნესის გახსნა უნდა იყოს ფრთხილი, თანმიმდევრული, არ უნდა იწვევდეს იმ პოზიტიური შედეგის უგულებელყოფას, რასაც მივაღწიეთ კორონავირუსთან ბრძოლაში
მაია ცქიტიშვილი - ბიზნესის გახსნა უნდა იყოს ფრთხილი, თანმიმდევრული, არ უნდა იწვევდეს იმ პოზიტიური შედეგის უგულებელყოფას, რასაც მივაღწიეთ კორონავირუსთან ბრძოლაში

ჯანდაცვის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ურთიერთობენ, რათა შეიმუშაონ ისეთი პროტოკოლები, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხო ფუნქციონირებას და მეორე მხრივ, ასევე ბიზნესისთვის იქნება მარტივად გასაგები და შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„როგორც იცით, პირველ ივნისს ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სრულად ამოქმედებულიყო, ეს ეხება, როგორც ღია, ასევე დახურულ ბაზრობებს, ასევე სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე დღეა, სრულად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ სილამაზის სალონები. უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა ბიზნესი აქტიურად ფუნქციონირებს ან ემზადება, რომ ყველა რეგულაცია და წესები, რომლებიც არის დანერგილი და მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, იქნას დანერგილი მათ ბიზნესში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა იურიდიულმა პირმა, თითოეულმა ბიზნესმა უსაფრთხოდ იფუნქციონიროს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დარჩა რამდენიმე მიმართულება, რომლებიც ჯერ არ გახსნილა.

„მაგალითისთვის, უკვე დავაანონსეთ, რომ 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი იმ სასტუმროების ამოქმედება, რომლებიც შეასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მათ შორის, იქნებიან შემოწმებული ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ დარჩა საკვები ობიექტების დახურული ნაწილები. ღია ნაწილები დღევანდელი დღიდან უკვე გახსნილია. იმისთვის, რომ სრულად იფუნქციონირონ არსებულმა რესტორნებმა, მათ ასევე სჭირდებათ ახალი სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულება. ამ პროცესს ჩვენ მივყვებით. ჯანდაცვის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ურთიერთობენ, რათა შეიმუშაონ ისეთი პროტოკოლები, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხო ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ბიზნესისთვის იქნება მარტივად გასაგები და შესასრულებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია ძირითადად ის სფეროები, რომლებიც გულისხმობს ერთდროულად ბევრი ადამიანის თავშეყრას: რესტორნების დახურული სივრცეები, სპორტული მოედნები, კულტურული ღონისძიებები, თეატრები, კინოთეატრები და ა.შ.

„ბუნებრივია, ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესის გახსნა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, თანმიმდევრული და არ უნდა იწვევდეს იმ პოზიტიური შედეგის უგულებელყოფას, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კორონავირუსთან ბრძოლის ნაწილში. აქედან გამომდინარე აუცილებელია სიფრთხილე, შესაძლო საფრთხეების გააზრება და აქედან გამომდინარე კარგად მომზადება იმისათვის, რომ ნებისმიერი ახალი ბიზნესის გახსნა არ გახდეს ჩვენი ძალიან დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიზეზი. ერთად ვიმუშავებთ ბიზნესთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა ყველა ბიზნესს ჰქონდეს საშუალება, დაიწყოს ფუნქციონირება. აუზები, ფიტნესდარბაზები ჯერ არ არის ღია. ეს არის ის სფერო, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისადაც, მათ შორის სასტუმროებშიც, ჯერ არის დახურული, ვინაიდან იგივე ფიტნესის დარბაზებში, საცურაო აუზებში ან გასახდელებში ძალიან ბევრი ადამიანი ზედაპირს ვეხებით, პირბადით ვარჯიში არის ძალიან რთული. შესაბმისად, ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო. ჯერ გვაქვს მშვენიერი ამინდი, შეგვიძლია, ვივარჯიშოთ ღია სივრცეში და მოდი, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ შედეგის შენარჩუნება, რაც გვაქვს ვირუსთან ბრძოლის ნაწილში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი