მაია ცქიტიშვილი - ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა
მაია ცქიტიშვილი - ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.

„დეტალურად გავდივართ ყველა სამინისტროს სურვილებს. მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ბიუჯეტი დგება იმ ინიციატივებისა და პროგრამებისგან, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო აპირებს რომ განახორციელოს, გააგრძელოს დაწყებული საქმე ან დაიწყოს ახალი პროექტები. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება წყალმომარაგება რეგიონებში, საგზაო სამუშაოები, საბავშვო ბაღები თუ ამბულატორიები, ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.