მაია ცქიტიშვილი „ბიბისის“ რადიოინტერვიუში - ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა
მაია ცქიტიშვილი „ბიბისის“ რადიოინტერვიუში - ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ბიბისის“ რადიოს გადაცემა „NEWSDAY”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის გეგმა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს.

„მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოვუწოდეთ. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, კორონავირუსს ვებრძვით და მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით „ბიბისის“ რადიოს ჟურნალისტის ლორენს პოლადის შეკითხვის საპასუხოდ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბიქებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.