მაია ცქიტიშვილი - ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა 
მაია ცქიტიშვილი - ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა 

ფონდი „ქართუ“ უკვე მრავალი წელია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და იმ სექტორებში გვეხმარება, სადაც სახელმწიფოს არა აქვს სათანადო რესურსი, – ამის შესახებ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ თბილისის სტიქიის დროს 30-მილიონიანი პაკეტიდან, რაც მაშინ ბიზნესიდან შემოვიდა, 11 მილიონი სწორედ „ქართუს“ წილი იყო. ამასთან, ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია და იქ მომსახურებას ჩვენი მოქალაქეები იღებენ, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა, მათ შორის – რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილება, საჩხერის საავადმყოფო, გადაუდებელი დახმარების ცენტრები და სხვა. ესაა მაგალითი როგორ ედგა „ქართუ“ სახელმწიფოს გვერდით. რაც შეეხება დღევანდელ ინიციატივას, „ქართუ ფონდიდან“ ახლაც გვაქვს სრული მხარდაჭერა და დიდი მადლობა ამისთვის. სოლიდარული პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვეუბნებით ბანკებს და იმედი გვაქვს, რომ ყველა ბიზნესი და სოციალური პარტნიორი გამონახავს შესაძლებლობას თავის მომხმარებელსა და სახელმწიფოს აღმოუჩინოს დახმარება, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დღესვე კომერციულ სექტორს მოუწოდა, რომ საჯარო უწყებების მსგავსად, სერვისების მიწოდების ისეთ ალტერნატიულ ფორმებზე გადავიდნენ, რაც მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად არ გააუარესებს.