მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩართული ვართ მოლაპარაკებებში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თავად უნდა ახორციელებდეს
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩართული ვართ მოლაპარაკებებში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თავად უნდა ახორციელებდეს

ანაკლიის პროექტის კომერციული მხარის შეფასების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მოგვმართეს გარანტიების გაცემის თაობაზე და ჩვენ ამ მოთხოვნების შინაარსს ვსწავლობთ, ორ გვერდზე მეტია საკითხების ჩამონათვალი და ერთ-ერთი მთავარი თემა მაინც ტვირთების გარანტიაა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირობა არც ინტერესთა გამოხატვის და არც საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების ფაზაზე არ ყოფილა დაყენებული.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინა კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში მან დეტალურად ახსნა ის სირთულეები, რაც ამ პროექტის განხორციელების პროცესში წარმოიშვა.

„პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვართ ჩართული იმ მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, თავად უნდა ახორციელებდეს დამფინანსებელ ორგანიზაციებთან. ამ ეტაპზე ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას და დასაბუთებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის გარანტიებია მათთვის საჭირო სესხების გასაცემად, რა პირობებს უნდა მოიცავდეს ეს და ა.შ., ეს საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და რთული საკითხია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.