მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პროექტზე ზაფხულშიც ვმუშაობდით, არ ვისვენებდით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პროექტზე ზაფხულშიც ვმუშაობდით, არ ვისვენებდით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს

ანაკლიის პორტის პროექტზე ზაფხულშიც ვმუშაობდით, ნამდვილად არ ვისვენებდით. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაო დონეზე, ყოველდღიური, ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არის საკითხები, რომელიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია. მაგალითად, კონსორციუმს შერჩეული ჰყავს სამშენებლო კონტრაქტორი და ხდება ამ სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. კვლავაც ვმუშაობთ ბანკებთანაც და კონსორციუმთანაც საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებებზე. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ. ამასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც გვქონოდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კონსორციუმთან ერთად. იქ, სადაც გვქონდა საშუალება, მათ შორის კონსორციუმთან და მათ პოტენციურ ინვესტორთან ერთად განგვეხილა პროექტთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებით დადგენილი ვადები აქვს და 15 ოქტომბერს უნდა წარადგინონ როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე.

„მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები. პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, როდესაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან უკვე შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე. სწორედ ამ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტი სიახლე ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ კიდევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას. ველოდებით კონსორციუმისგან იმ საერთო, საფინანსო ჩარჩოს, იმ საბოლოო შეთანხმებებს, რომლებიც მათ ექნებათ ანაკლიაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.