მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი საქართველოს სჭირდება, პროექტის გასახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი საქართველოს სჭირდება, პროექტის გასახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და ის აუცილებლად აშენდება.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ინიციატორი სახელმწიფო იყო.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ 2014 წელს სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე.

ცქიტიშვილის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ მოახერხა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არცერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს. და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ამით არის განპირობებული კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა და უფრო სერიოზული, ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის შედეგი, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„ეს პორტი საქართველოს სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ შეუძლია თქვას, თუ როდის შემოვა ანაკლიის პორტში პირველი გემი.

„მე ვერ დავდებ პირობას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში. სამწუხაროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ჯერ კიდევ 2019 წელს ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს შევა გემი და თქვენ გახსოვთ, ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც, როდესაც გამოვთქვი ეჭვი ვადებთან დაკავშირებით. მაშინ საკმაო კრიტიკა გამოიწვია ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან, თუმცა დღეს ვხედავთ, რა რეალობაც არის. რაც შეეხება პირობას, ანაკლიის კონსორციუმისგან განსხვავებით, მე არ ვდებ არარეალურ პირობებს. მით უმეტეს იმ პირობებს, რომლის განხორციელებაზე კონტროლი არ არის ჩემს ხელში. ეს ისეთი პროექტია, რომელიც უნდა იყოს განხორციელებული კომერციული სტრუქტურის, ინვესტორის მიერ.

დავიწყებთ სატენდერო პირობების მომზადების პროცესს, გამოვაცხადებთ ტენდერს, ერთად ვიხილავთ, საჯაროდ და როგორ განვითარდება მოვლენები ამ პროექტთან დაკავშირებით, ვინ იქნება ინვესტორი, რომელი ინვესტორების მხრიდან იქნება გამოთქმული ინტერესი. ბუნებრივია, მერე ინვესტორის მხრიდან მოვისმინოთ პირობა, რომელიც იქნება ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, სადაც გაიწერება ვადები და შესაბამისი ფინანსური გარანტიები, რათა ყველანი ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამჯერად ანაკლიის პროექტი იქნება უფრო წარმატებული, შემდგომ ფინანსურად უფრო ძლიერ ინვესტორთან, ვიდრე სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.