მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ჯერ არ გვქონია, მივიღეთ შეტყობინება, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას, რაც პრაქტიკულად, წინასაარბიტრაჟო პროცესია
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ჯერ არ გვქონია, მივიღეთ შეტყობინება, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას, რაც პრაქტიკულად, წინასაარბიტრაჟო პროცესია

პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონკრეტული წინადადება, რაში ხედავს რესურსს და რა შეთავაზება აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს. სახელმწიფო და მთავრობა კი არ მიდის არბიტრაჟზე, ეს კონსორციუმის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსორციუმისგან მიღებულია შეტყობინება, რომ ისინი მთავრობის პოზიციას არ ეთანხმებიან.

„კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. ეს უკვე პრაქტიკულად წინასაარბიტრაჟო პროცესია, სადაც იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება აქტიურად და, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ვიდრე არ მოვისმენ კონკრეტულ მოსაზრებებს თვითონ როგორ გვთავაზობენ თავისი პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პერსპექტივაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„სამუშაო პროცესში არ ვარ პირადად ჩართული და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. დღეს მოვისმინე ქალბატონი ნათია თურნავას კომენტარი, რომ ამ საკითხზე ოფიციალური მიმართვა არ შემოსულა ეკონომიკის სამინისტროში. „ეიპიემ ტერმინალსისგან“ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი გეგმები ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის კომერციული ინვესტორი, რომელსაც ეკუთვნის ფოთის პორტი. შესაბამისად, გაფართოების სურვილის შემთხვევაში, მათ ჯერ უნდა წარადგინონ გეგმები, უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და შემდეგ შევძლებთ შეფასებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.