მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური ვადის დახურვა 2019 წლის 31 დეკემბრამდე​ გადაუვადდა
მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური ვადის დახურვა 2019 წლის 31 დეკემბრამდე​ გადაუვადდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, ფინანსური ვადის დახურვა 2019 წლის 31 დეკემბრამდე​ გადაუვადდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ფინანსური ვადის დახურვა განისაზღვრებოდა 2017 წლის 15 აგვიტოდ, ხოლო შემდეგ ამ ვადის არაერთხელ გაგრძელება მოხდა.

„ამჯერად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმ პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად წარმოებს საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის. იმ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ვადას მორიგჯერ ვახანგრძლივებთ ამ წლის ბოლომდე. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდის გათვალისწინებით, როგორც მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეთანხმება შედგება, ასევე ინვესტორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი  მოახერხებენ შეთანხმებას იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც იქნება წინაპირობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტისთვის ფინანსური რესურსის მოძიება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება აიპიემ ტერმინალს, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი წლის განმავლობაში ცხადდება სხვადასხვა საჯარო კომუნიკაციების სახით მათი განზრახვა, რომ გაფართოვდეს ტერმინალი, მოხდეს მისი რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია.

„ამ ეტაპზე ეს მხოლოდ გეგმებია და მე პირადად კომუნიკაციაა არ მქონია, ვინაიდან ჩვენი უფლებამოსილების სფეროს არ განეკუთვნება“, – განაცხადა ციქიტიშვილმა.