მაია ცქიტიშვილი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ყველაზე მასშტაბური მშენებლობა რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარეობს
საგზაო მაგისტრალებზე მიმდინარე სამუშაოს შორის რიკოთი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, საინტერესო და მასშტაბური მშენებლობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რიკოთის გზის მონაკვეთების გახსნა 2022 წელს იგეგმება.
„კონტრაქტორი კომპანია, რომელიც საქართველოში „კოვიდის“ პანდემიამდე ჩამოვიდა, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აქტიურად მუშაობდა. დანარჩენ ორ მონაკვეთზე არსებული კომპანიები წინა მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ და მას შემდეგ, რაც ისინი შეძლებენ თავიანთი საინჟინრო ტექნიკური პერსონალის ჩამოყვანას, მიმდინარე სამუშაოები კიდევ უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, წლევანდელი წელი რეკორდულია გზების გახსნის თვალსაზრისით, რადგან ერთ წელიწადში ახალ მაგისტრალებზე 70 კილომეტრის მშენებლობა ქვეყანაში არასდროს განხორციელებულა.
„ჩვენ უკვე გავხსენით 19 კმ. დამატებითი ორი ზოლი ქუთაისის შემოვლით გზაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ყველასთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით, 14 კმ-იანი მონაკვეთი ჯაპანადან ლანჩხუთამდე ასევე დამატებითი კომფორტის ზონაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მიმართულებით და ასევე, ზაფხულის ბოლოსკენ ვგეგმავთ, რომ გავხსნათ ხაშურის შემოვლითი გზა. სტანდარტული გადაადგილების სიჩქარეებით, დაახლოებით, ყველაზე ცოტა, ერთ საათს დაზოგავთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2012 წლამდე რვა წლის განმავლობაში სულ აშენდა 68 კილომეტრი ახალი გზა, 2020 წელს, კი ერთ წელიწადში საერთაშორისო ავტომაგისტრალებს 70 კმ. გზა შეემატება.
„2022 წლისთვის ჩვენ გვექნება პრაქტიკულად დასრულებული ყველა მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ნაწილში და დარჩება მცირე მონაკვეთები. ეს შეეხება თბილისისა და წითელი ხიდის დამაკავშირებელ მონაკვეთებს, ბათუმიდან სარფამდე გზა კი, 2023 წლისთვის გაიხსნება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.