მაია ცქიტიშვილი - 20 ივნისის ღამეს, პარლამენტზე შტურმის დროს, პოლიციელებმა კონკრეტული გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს
მაია ცქიტიშვილი - 20 ივნისის ღამეს, პარლამენტზე შტურმის დროს, პოლიციელებმა კონკრეტული გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს

როდესაც პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი, ადამიანებს, პოლიციელებს, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც ადგებოდა რისკი, მათ იმ გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას 20 ივნისის საქმესთა დაკავშირებით.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზნობრივი, მიზანდასახული შტურმი.

„ჩვენ კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და ბუნებრივი იყო სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან იყო განხორციელებული. სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას მოყვა ცალკეულ შემთხვევაში ის ტრაგიკული გამოვლინება, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია. ყველანი ვხედავდით, რომ აღნიშნული რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს, ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალება, ეს იყო რეაქცია იმ პოლიციელების, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი, რომლებიც აღმოჩნდნენ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის წინაშე. ამ ადამიანებს ჰქონდათ უფლება განსაკუთრებულ ვითარებაში ემოქმედათ, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოჩნდნენ. ეს იყო ის განმარტებები, რომელსაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და შსს-ს ყველა მაღალჩინოსანი იძლეოდა და ეს არის სრული სიმართლე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.