მაია ბუწაშვილი - შეზღუდვების მოხსნა ისე არ უნდა გაიგოს ხალხმა, თითქოს სრული თავისუფლებაა
მაია ბუწაშვილი - შეზღუდვების მოხსნა ისე არ უნდა გაიგოს ხალხმა, თითქოს სრული თავისუფლებაა

შეზღუდვების მოხსნა არ უნდა გაიგოს ხალხმა ისე, თითქოს სრული თავისუფლებაა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მაია ბუწაშვილის თქმით, ახლა თითოეულ ადამიანზეა პასუხისმგებლობა, რათა მკაცრი ზომების შემოღება ისევ არ გახდეს საჭირო.

„როგორც ვიცით, გაწერილია გეგმა. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე. შეზღუდვების მოხსნა არ უნდა გაიგოს ხალხმა ისე, თითქოს სრული თავისუფლებაა. ის ზომები, რაზეც სულ იყო მოწოდებები, ჰიგიენური ღონისძიებები იქნება ეს თუ დისტანცირება, დიდხანს უნდა გვახსოვდეს და გაგვყვეს რომ ამ შერბილების გამკაცრების აუცილებლობა არ დადგეს. სახელმწიფომ კარანტინის შერბილება უნდა დაიწყოს, მაგრამ თითოეულ ადამიანზეა ახლა პასუხისმგებლობა, რომ ასე ვთქვათ, შევიფეროთ ეს და მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობა ისევ არ გახდეს საჭირო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ის დინამიკა შენარჩუნდა, რაც დღეს არის ქვეყანაში, ეპიდემიის დამარცხება შესაძლებელი იქნება.

„აშკარად დადებითი დინამიკაა. თუ არ იქნება აღმავლობის შემთხვევები და შევინარჩუნებთ ასეთ ერთეულ შემთხვევებს და ესეც თანდათანობით უფრო გაიშვიათდება, ჩვენ იმედი მოგვეცემა, რომ თანდათანობით დავამარცხეთ ეპიდემია. პარალელურად, მეცნიერები რა თქმა უნდა მუშაობენ ვაქცინაზე და ამასობაში, ვაქცინა წამოგვეწევა. მერე უფრო ადვილი იქნება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.