მაია ბუწაშვილი - საყოველთაო ტესტირება, ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ და ჩავუტაროთ ტესტირება, ცოტა არარეალისტურია ჩვენს პირობებში და როგორც ვხედავთ, არც აუცილებელია
მაია ბუწაშვილი - საყოველთაო ტესტირება, ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ და ჩავუტაროთ ტესტირება, ცოტა არარეალისტურია ჩვენს პირობებში და როგორც ვხედავთ, არც აუცილებელია

საყოველთაო ტესტირება, ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ და ჩავუტაროთ ტესტირება, ცოტა არარეალისტურია ჩვენს პირობებში და როგორც ვხედავთ, არც აუცილებელია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებულ პროტოკოლი საჭიროების მიხედვით შეიძლება, შეიცვალოს.

„კონკრეტულ სიტუაციაში, იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფების ტესტირება გახდება აუცილებელი, ჩაერთვება ახალი ჯგუფები. საყოველთაო ტესტირება, როგორც მაგალითად სამხრეთ კორეაშია, რომ ნებისმიერი ადამიანი გავაჩეროთ და ჩავუტაროთ ტესტირება ალბათ, ცოტა არარეალისტურია ჩვენს პირობებში და როგორც ვხედავთ, არც აუცილებელი. მიზნობრივი ჯგუფები თანდათან უნდა გაფართოვდეს. ვთქვათ ისინი, ვისაც გარკვეული რისკი აქვს და პროფესიულად ბევრ ადამიანებთან უწევს შეხება. ასეთები ბევრია და კიდევ უნდა გავაფართოოთ“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ჯგუფის ტესტირება, რომელიც ჩამოწერილია პროტოკოლში, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკების ტესტირება ხდება უფრო მეტად კოვიდკლინიკებში და ცხელების ცენტრებში. კარგი იქნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, ჯანდაცვის ნებისმიერი მუშაკი იყოს გამოკვლეული. ახლა გაიხსნება დახურული დაწესებულებები, გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები, კარგი იქნება სტომატოლოგების ტესტირება – ამ ჯგუფებს ვგულისხმობ. ასევე, ყველა ძალოვანის ტესტირება. უნდა გახდეს შესაძლებელი, პროტოკოლში გაწერილი ყველა ჯგუფის ტესტირება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს კვლევებში იმ მიზნობრივი ჯგუფებიდან, რომელიც გათვალისწინებულია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.