მაია ბუწაშვილი - კორონავირუსის ტიპებით სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის განსხვავებულ სიმძიმეს ვერ ავხსნით, ეს უფრო გატარებული ღონისძიებებისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის ერთობლიობის მომენტია
მაია ბუწაშვილი - კორონავირუსის ტიპებით სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის განსხვავებულ სიმძიმეს ვერ ავხსნით, ეს უფრო გატარებული ღონისძიებებისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის ერთობლიობის მომენტია

კორონავირუსის ტიპებით სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის განსხვავებულ სიმძიმეს ვერ ავხსნით, ეს უფრო გატარებული ღონისძიებებისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის ერთობლიობის მომენტია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მართალია, რომ ვირუსის სხვადასხვა სუბტიპები არსებობს, მათი გენეტიკურად გაშიფვრა ხდება. როგორც ვიცით, ლუგარის ცენტრმაც საკმაოდ საინტერესო სამუშაო გაწია ამ მხრივ და გაშიფრა. მაგრამ თუ საკითხი იმაში მდგომარეობს, ხომ არ არის ვირუსის სხვადასხვა ტიპები და ამით გამოწვეული ვირუსის მსუბუქი თუ სხვადასხვა მიმდინარეობა, ეს არ დასტურდება. ზოგადად, დედამიწაზე ცირკულირებს კორონავირუსის ორი მთავარი ტიპი. ერთი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, მეორე მეტად მძიმეს, მაგრამ ეს ძალიან დიდ განსხვავებას კლინიკურ მიმდინარეობაში და ეპიდემიოლოგიურ სურათში ვერ ქმნის. ანუ, ჩვენ ამით ვერ ავხსნით, ვირუსის სხვადასხვა ტიპებით სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის სხვადასხვა სიმძიმეს. ეს უფრო ალბათ გატარებული ღონისძიებებისა თუ ბევრი სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობის მომენტია და არა ვირუსის ტიპების იმხელა სხვაობა ერთმანეთს შორის, რომ იძლეოდეს განსხვავებას, როგორც კლინიკური მიმდინარეობის, ასევე ეპიდემიური სურათის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის წარმოშობის საკითხს, მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ რთულია მსჯელობა ასეთ საკითხებზე.

„ზოგჯერ ისეთი უცნაურობები ხდება ხოლმე ამ ქვეყანაზე, რომ რაიმეს მტკიცება რთულია. მაგრამ დღეს არსებული ოფიციალური ვერსია ყველამ ვიცით და ეს ვერსია სრულიად ლეგიტიმურია. ვიცით, რომ ლაპარაკია ცხოველებში ვირუსის მუტაციისა და შემდეგ ადამიანზე გადმოსვლაზე და ეს ბიოლოგიურად აბსოლუტურად ახსნადი ვერსიაა. გრიპის პანდემიები ზუსტად ასე დაიწყო, სეზონური გრიპი სწორედ ასე იწყება და ხშირად სწორედ ჩინეთის ცოცხალ ცხოველთა ბაზრობებიდან. ამიტომ, ამ თეორიასა და ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება. ახლა ბევრი ლაპარაკია, რომ შეიძლება, სხვადასხვა ქვეყნებმა მოითხოვონ გამოძიება ვირუსის წარმოშობის შესახებ. ალბათ, ნამდვილად ყველაფერი ბოლომდე უნდა იყოს გამოკვლეული და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მაგრამ დღეს არსებულ ოფიციალური ვერსიას, რაც არის ჯერჯერობით, ყველა ვუჯერებთ, რომ ჩინეთის ცოცხალ ცხოველთა ბაზრობებიდან გადმოვიდა ადამიანზე ეს ვირუსი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.