მაია ბუწაშვილი - სკოლებში დისტანციის დაცვა რთული იქნება, თუმცა რესურსის არსებობის შემთხვავში შესაძლოა, სწავლება ორ ცვლაზეც გადავიდეს
მაია ბუწაშვილი - სკოლებში დისტანციის დაცვა რთული იქნება, თუმცა რესურსის არსებობის შემთხვავში შესაძლოა, სწავლება ორ ცვლაზეც გადავიდეს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, თუმცა მისივე თქმით, სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბავშვებსა და მოზარდებში ჩაკეტილობა სერიოზული წნეხია და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს.

„თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რაც ახლა გვაქვს, ვფიქრობ, სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს. თუმცა სექტემბრამდე დიდი დროა და არ ვიცით, როგორ შეიცვლება ვითარება. ონლაინსწავლების ხარისხი მკვეთრად დაბალია. არ მგონია, ამაზე ვინმე დავობდეს. ბავშვებსა და მოზარდებში ეს ჩაკეტილობა სერიოზული წნეხია და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სწავლა უნდა აღდგეს, თუ კარგი ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს დოკუმენტი სკოლების ხელახლა გახსნის წესებთან დაკავშირებით. ძირითადი რეკომენდაციებია ფიზიკური დისტანცია, თუ არის პატარა სკოლები, ეს ბევრად უფრო ადვილია. მერხებს შორის ერთ მეტრიან დისტანციას გვთავაზობენ, ასევე სასკოლო ტრანსპორტში ბავშვების მეჩხერად ყოფნას, სადეზინფექციო საშუალებებით სკოლების აღჭურვა. პირბადეზე მკაფიო რეკომენდაცია არ არის“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

ამასთან, მისი თქმით, არის რეკომენდაცია, რომ ოჯახის ხანდაზმულმა წევრებმა არ ატარონ ბავშვები სკოლებსა და ბაღებში.

„ძალიან რთული იქნება დისტანციის დაცვა სკოლებში, თუმცა, თუ არის რესურსი, შესაძლოა, სწავლება ორ ცვლაზეც გადავიდეს, რათა დაიყონ ბავშვები. ასევე შესაძლოა, შერეული ტიპის სწავლებაზე გადასვლის საკითხის განხილვაც. სადაც პრაქტიკული გაკვეთილები ტარდება, სკოლაში მისვლა მოხდეს, სადაც თეორიულია მხოლოდ სწავლება, დისტანციურად დარჩეს ისევ. რაც მთავარია ჰიგიენა, ამაზე კატეგორიულად მახვილდება ყურადღება. ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა, რაც გასათვალისწინებელია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ კორონავირუსი ასე მალე არ გაქრება.

„რთული იქნება, თუმცა კორონავირუსი ასე მალე არ გაქრება და ბავშვებს სახლში უსასრულოდ ვერ დავტოვებთ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა.