მაია ბუწაშვილი - ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის ისეთი ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ, ვირუსულ ინფექციებს ეს ახასიათებს
მაია ბუწაშვილი - ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის ისეთი ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ, ვირუსულ ინფექციებს ეს ახასიათებს

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ზოგადად, დაბალი ტემპერატურა არა მხოლოდ კორონავირუსისთვის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისთვისაც უცხო არ არის.

მისი თქმით, ბევრი რამ მეორდება კორონავირუსის შემთხვევაში, რაც იყო სასუნთქი გზების ინფექციის, თუნდაც გრიპის დროს, თუმცა, მაშინ ადამიანები ამ დეტალებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.

აღნიშნული განცხადებით ინფექციონისტმა საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა გადაცემის „პირადი ექიმი – კოვიდ-19 საგანგებო“ წამყვანის, მარი მალაზონიას კითხვას ტემპერატურულ რეაქციებთან დაკავშირებით. კერძოდ: „ადამიანების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, რატომ არის, რომ თავად დაავადების მიმდინარეობის პროცესში ტემპერატურა ეცემა, მაგალითად, 35 გრადუსამდე, ან დაავადების გადატანის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს აქვს დაბალი მაჩვენებელი. ასევე, რატომ ხდება, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, მაშინაც კი, როდესაც ტესტით დადასტურებულია ორგანიზმში ვირუსის არარსებობა, ადამიანებს რჩებათ ტემპერატურული რეაქცია, მაგალითად, დღის რომელიღაც მონაკვეთში, თუნდაც საღამოს, 37.5“

მაია ბუწაშვილის განმარტებით, სხვა ვირუსული ინფექციების დროსაც, დაბალი ტემპერატურა არც თუ ისე იშვიათი იყო და ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა განგაშის ნიშანი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზღვარი.

„რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ჩვენ აღვიქვამთ, რომ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა იწყება 36 გრადუსიდან და ამის ქვემოთ უკვე ადამიანები ღელავენ, რომ აქვთ უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა. ზოგადად, ვირუსული ინფექციებისთვის ეს არ არის უცხო. საერთოდ, ბევრ სიმპტომს და დეტალს ახლა აქცევენ ადამიანები ბევრად მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვა დროს, თორემ ბევრი რესპირაციული, სასუნთქი გზების ინფექციის, გრიპის დროს, თუ კარგად გაიხსენებენ დეტალებს, ბევრი რამ მეორდება. უბრალოდ, მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ასეთ დეტალებში არავინ მიდიოდა.

ერთი მხრივ, კარგიც არის, ჩვენ, ექიმებს გვიმსუბუქდება სიტუაცია, რადგან მოსახლეობის განათლებამ აშკარად მოიმატა, თუმცა ზოგჯერ ეს ცოტა მცდარიც არის, ხან სწორია. ასეა თუ ისე, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციების დროს, ეს არც თუ ისე იშვიათი იყო და ამაზე ნუ ინერვიულებენ. ანუ, ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არ არის რამე ისეთი ნიშანი, რომელზეც, ვთქვათ, რაღაც განგაში უნდა ავტეხოთ, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს, თუ განსაკუთრებით დაბალია, მაგრამ, რეალურად, ასეთი შემთხვევები არ არის“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება 37-ს ზემოთ ტემპერატურას, მაია ბუწაშვილის თქმით, ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს, დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში 37-ს ზემოთ ხშირად აქვს ტემპერატურა.

„ზოგმა ეს არ იცის, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩვენ ყოველთვის არ ვიზომავთ ტემპერატურას. ამიტომ, იქნება ადამიანების ისეთი ნაწილი, რომელსაც ისედაც ასე ჰქონდა, უბრალოდ, ამას ვერ ამჩნევდა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამასთან, ბუწაშვილის თქმით, ადამიანების დიდ ნაწილს ჩვეულებრივ სხვა ვირუსული ინფექციების, იგივე გრიპის გადატანის შემდეგაც, ადრეც, ზოგჯერ კვირების განმავლობაში და თვეობითაც რჩებოდათ მცირე ტემპერატურული რეაქცია, ასეა კოვიდის შემდეგაც.

„გასაგებია, რომ კოვიდი ზოგ შემთხვევაში ბევრად მძიმე თვისებით მიმდინარე დაავადებაა და შესაბამისად, გახანგრძლივებული ტემპერატურები უფრო ხშირია და მეტად გამოხატული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეტად აქცევენ ამას ადამიანები ყურადღებას. რა თქმა უნდა, თუ გახანგრძლივდა ტემპერატურა, სასურველია, ლაბორატორიული გამოკვლევების მინიმალური პაკეტი ჩატარდეს, მინიმუმ, სისხლის საერთო ანალიზი მაინც. თუ ლაბორატორული მაჩვენებლები ნორმაშია, გულ-მკერდი ჯანმრთელია, ექიმმა უთხრა, რომ მშვიდობაა ფილტვებში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩატარებული აქვს განმეორებითი რენდგენი და ეუბნებიან, რომ მშვიდობა აქვს, თუ ეს პარამეტრები ნორმაშია, ტემპმერატურული რეაქცია არ არის საშიში, მშვიდად უნდა გააგრძელონ ჯანსაღი ცხოვრება, ჰაერზე ყოფნა და თანდათანობით გაივლის. თუმცა ისეთი ადამიანების ჯგუფიც არის, ვისაც წლები, დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში ტემპერატურა 37-ზე მეტი აქვთ, ესეც ზოგისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რადგან თერმორეგულაცია ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს და დღე-ღამის რაღაც მონაკვეთში შეიძლება, ჩვენთვის ეს ნორმაც იყო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.