მაია ბითაძე - ვეცადოთ, ვიმუშაოთ ადეკვატურად, ყოველგვარი ხელოვნური ექსცესების და აჟიოტაჟის გარეშე, ვეცადოთ, არ გავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც შეიძლება, ბანანის რესპუბლიკად მოგვიხსენიონ
მაია ბითაძე - ვეცადოთ, ვიმუშაოთ ადეკვატურად, ყოველგვარი ხელოვნური ექსცესების და აჟიოტაჟის გარეშე, ვეცადოთ, არ გავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც შეიძლება, ბანანის რესპუბლიკად მოგვიხსენიონ

ვეცადოთ, ვიმუშაოთ ადეკვატურად, ყოველგვარი ხელოვნური ექსცესების და აჟიოტაჟის გარეშე, ვეცადოთ, არ გავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც შეიძლება, ბანანის რესპუბლიკად მოგვიხსენიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ბოლოდროინდელ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გააჟღერეს გზავნილი, რომ ოპოზიცია დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის ევროსაბჭოს პლატფორმიდან არაერთხელ გვსმენია განცხადება, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ხშირად ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენი დემოკრატიისთვის. მერწმუნეთ, ეს არის ყველაზე ცუდი მესიჯი, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვსმენია.

ჯიმ რიში არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის სფეროში ყველაზე მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, რომ დემოკრატიას ძირს ნუ გამოუთხრით. ბუნებრივია, ყველა ჩვენი სხვა პარტნიორის, ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის მოწოდება, მათ შორის ოპოზიციისთვის, რომ მშვიდობიანად გადაჭრან პრობლემები, არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. არათუ ბატონი რიში, არამედ „ ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი, მათ შორის ოპოზიციის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც არ ცდილობენ, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია,  ყველა კარგად ვხვდებით, რომ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა და სამართლებრივი ჭრილიდან გასვლა არ არის სწორი.

ამასთან, შეგახსენებთ უახლოეს მოვლენებს, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონში განვითარდა. კაპიტოლიუმზე შეტევა აბსოლუტურად მიუღებელი იყო ამერიკელებისთვის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტებისთვის და თქვენ გახსოვთ, რა ეპითეტით შეამკო ჯორჯ ბუშმა ეს საქციელი. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ბანანის რესპუბლიკაში ხდება ასეთი რამ. ასე რომ, მეგობრებო, ოპოზიციასაც მოვუწოდებ, ვეცადოთ, ვიმუშაოთ ადეკვატურად, ყოველგვარი ხელოვნური ექსცესების, რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟის და ჭექა-ქუხილის შექმნის გარეშე, ვეცადოთ, რომ არ გავიდეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც შეიძლება ბანანის რესპუბლიკად მოგვიხსენიონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.