მაია ბითაძე - ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, არამედ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რომელიც ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩაწყნარდება
მაია ბითაძე - ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, არამედ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რომელიც ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩაწყნარდება

ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, არამედ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ძალიან ჩაწყნარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ერთმანეთს მუდმივად ვამყოფებთ ასეთი ხელოვნური გამოწვევების პროცესში, საქმე ვერ გაკეთდება.

„ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის იმ ტრადიციული ფორმით, რაც ძალიან ბევრს, ოპოზიციაში მყოფს უნდა, რომ წარმოადგინოს. ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, არამედ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ძალიან ჩაწყნარდება. უნდა ვისწავლოთ სამართლისა და პოლიტიკის ერთამენთისგან გარჩევა. პატივი უნდა ვცეთ ოპონენტებს. ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ამ ძალიან ტურბულენტურ გარემოში, რეგიონული და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არა ურთიერთბრალდების, რაღაც მოგონილი, აბსურდული თეორიებით, რომელიც შეურაცხყოფს პარტნიორებს და ზოგადად შეურაცხყოფს ქართველ მოსახლეობას, ამის ნაცვლად ვეცადოთ, მათ შორის ოპოზიცია, დავსხდეთ სამუშაო ადგილებზე, მათ შორის პარლამენტში მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დღეს მოსახლეობის 39 პროცენტი არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა პანდემიის დროს მოსული იყო საარჩევნო უბნებთან. მოვიდეთ პარლამენტში და ვიმუშაოთ სწორედ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს მომავალი განვითარება. თუ ჩვენ ერთმანეთს მუდმივად ვამყოფებთ ასეთი ხელოვნური გამოწვევების პროცესში, თუ მუდმივად ვეცდებით, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს და ეს გვიხაროდეს, რომ გარკვეული ხელოვნური აქციები მოვაწყოთ, პოლიციელებზე თავდასხმა განვახორციელოთ და შემდეგ გაგვიკვირდეს, პოლიცია რატომ აკავებს ადამიანს, ასე საქმე არ გაკეთდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.