მაია ბითაძე - მოგიწოდებთ, გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში და კარგად დავაფასოთ ის რეფორმები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა
მაია ბითაძე - მოგიწოდებთ, გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში და კარგად დავაფასოთ ის რეფორმები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს გარემოს დაცვითი მიმართულებებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებული რეფორმები შეახსენა და კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდა.

„ჩემს გამოსვლაში რამდენიმე ციფრს გავიხსენებ: შვიდი – ეს არის გარემოსდაცვითი ინსპექტორების რაოდენობა 2012 წლამდე. შვიდი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შვიდი ახალი კანონი. 300 ათასი დოლარი – ყოველწლიური დანაკარგი, ზიანი ნიადაგზე, წყალზე და ჰაერზე. ეს ის ციფრია, რომელიც მსოფლიო ბაკმა დაადგინა, რომელიც 2012 წლამდე იკარგებოდა საქართველოში და ეკონომიკური ზრდის, თითქმის 1.5%-ს შეადგენდა. 793 ათასი ჰექტარი – ეს არის დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა, რომელიც ჩვენი ტერიტორიის, თითქმის 12%-ია. 150 – ეს არის წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რომელიც დაიდგმება და მთელ საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი. 40 – ეს არის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემების რაოდენობა. სისტემები, რომლებიც 2012 წლამდე განადგურდა და ათეულობით ჩვენი მოქალაქის ცხოვრება შეიწირა და ასევე, ეკომიგრანტთა ძალიან დიდი რაოდენობა შექმნა.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე კარგად უნდა გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნებაა“ სწორედ, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება შესრულების იმ ფაზაზე გადაიყვანა, როდესაც საქართველოს დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით, ბრიუსელში ყოველწლიურად, მოწონება აქვს. და როდესაც შარლ მიშელზე და ევროკავშირის დახმარებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რატომ არ აწერთ დოკუმენტებს ხელს, რომლებიც იმ დიად მიზანს ემსახურება რასაც ევროპულ ოჯახში გაერთიანება ჰქვია“, – განაცხადა მაია ბითაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ერთობლივი საქმიანობისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ კარგად დავაფასოთ ის რეფორმები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს განხორციელდა და რამაც ჩვენ ის საფრთხე აგვაცილა, რასაც მილიარდობით ევროს ყოველწლიური კარგვა ჰქვია. მოგიწოდებთ, რომ გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში. ახლა დრო არის, რომ ერთობლივად ვიბრძოლოთ პოსტპანდემიურ პერიოდში და ჩვენ თანამოქალაქეებს შევუქმნათ კეთილდღეობა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.