მაია ბითაძე, მოადგილეებთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა.
მაია ბითაძემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე, ცნობილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მუზეუმების და სახლ-მუზეუმების ეფექტიანი მართვისა და განვითარების ერთიანი ხედვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე მონაწილეებმა არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. განხილული იყო როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულების, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გაუმჯობესებისა და ვიზიტორების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, ივანე მაჩაბლის მუზეუმის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმისა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მმართველები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.