მაია ბითაძე – კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი კუთხით არსებულ გეგმებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორმა, ნიკოლოზ საბაშვილმა ისაუბრა.
„ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ თეატრების უმეტესობა ისტორიულ შენობებშია განთავსებული. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება გაცილებით დიდი გამოწვევაა. ქუთაისის თოჯინების თეატრიც ისტორიულ შენობაში ბინადრობს. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ამ შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა – ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულია. ახლა მთავარია, შემოქმედებითი პროცესი იყოს აქტიური. თეატრს აქვს გარკვეული საჭიროებები, მათ შორისაა მოდერნიზების კუთხით მხარდაჭერა. მომავალი თაობების წვდომას და კულტურული ცხოვრების სიყვარულს პატარა ასაკიდან ეყრება საფუძველი. თოჯინების თეატრი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ისტორიული შენობა, რომელშიც ქუთაისის თოჯინების თეატრია განთავსებული, 1890 წელს აიგო. 2018-2020 წლებში შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თეატრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა თეატრის საძირკველი, კეთილმოეწყო შიდა ეზო, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა. თეატრი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე.
სარეაბილიტაციო პროექტი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქუთაისის თოჯინების თეატრში, მინისტრთან ერთად, იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.